მესამე რესპუბლიკა

Image
წინამდებარე დოკუმენტი - მესამე რესპუბლიკა - შემუშავებულია ნიკა გილაურისა და კომპანია რეფორმატიკსის მიერ და წარმოადგენს საქართველოს განვითარების ხედვას და რეფორმების გეგმას საშუალოვადიან პერსპექტივაში.
რატომ ახლა და რას ნიშნავს მესამე რესპუბლიკა?
საქართველოს პირველი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა 1918 წლის 26 მაისს და ის გაუქმდა საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსიის პირობებში 1921 წლის 25 თებერვალს. საქართველოს მეორე რესპუბლიკა ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შედეგად 1991 წლის 9 აპრილს და ის დღემდე არსებობს. სამწუხაროდ, ორივე ზემოთ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საქართველოს უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა რუსეთის ძალმომრეობითი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი - ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, საგარეო ვექტორის კონტროლის სურვილი და პროდასავლური რეფორმების ხელშეშლის მცდელობა.
წარმოდგენილი ხედვის და გეგმის მთავარი მიზანია, რომ საქართველო გახდეს გეოპოლიტიკურად და შიდასახელმწიფოებრივად უსაფრთხო ქვეყანა, მოსახლეობის მაღალი კეთილდღეობის დონით და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპით - სახელმწიფო მდიდარი ოჯახით და დაცული საზღვრებით. ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ქართული ქარტიის პრინციპები და ამ დოკუმენტის ირგვლივ პროდასავლური ძალების ერთიანობა.
საქართველო მესამე რესპუბლიკად ჩამოყალიბდება მაშინ, როდესაც ქვეყანა ჩამოშორდება რუსეთის ორბიტას და მისი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, როდესაც საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი ევროპული ინსტიტუტებით, გარანტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი სასამართლო, სრულად გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები და თავისუფალი მედია, და როდესაც ჩვენ გავხდებით მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.
დოკუმენტში შემოთავაზებული რეფორმები, სრულად და თანმიმდევრულად განხორციელების შემთხვევაში, შედეგად მოგვიტანს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, 2029 წლამდე ჩვენი ქვეყნის მაღალშემოსავლიან ეკონომიკად გადაქცევას, სიღარიბისა და უმუშევრობის თითქმის 80%-იან შემცირებას და საფუძველს ჩაუყრის საქართველოს მესამე რესპუბლიკის ჩამოყალიბებას.
დოკუმენტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.